Parodos įvertinimas

Apsaugos kodas
*alt_phpcaptcha_generated_image*
Loading
Ačiū! Jūs sėkmingai palikote atsiliepimą!

{{msg}}

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი (LCVA)

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა: საქართველო-ლიტვის მეგობრობის 100 წელი

გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადადგა დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც წარმოაჩენენ საქართველო-ლიტვის ურთიერთობებს 1918 -1921 წლებში.

საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, რუსეთის იმპერიის 117 წლიანი დომინირების შემდეგ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ეს იყო პირველი, თანამედროვე ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული, რესპუბლიკური წყობის სახელმწიფო. ახლად შექმნილ რესპუბლიკას გააჩნდა ეროვნული სიმბოლოები: დროშა, გერბი და ჰიმნი.

თავისუფალი, პირდაპირი, საყოველთაო, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეულმა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, არსებობის ხანმოკლე პერიოდში (1918-1921) მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია - პირველი ძირითადი კანონი ქვეყნის ისტორიაში. საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება. ამასთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა სიებში მყოფი 17 კანდიდატიდან, ხუთი ქალი არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად.

1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პოლიტიკური სისტემა განისაზღვრა დემოკრატიულ რესპუბლიკად, პარლამენტს მიენიჭა საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილება. მთავრობა ჩამოაყალიბა მთავრობის ხელმძღვანელმა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა ერთი წლის ვადით, სენატი გამოცხადდა  ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ და არჩეულ იქნა პარლამენტის მიერ, უზრუნველყოფილი იქნა  რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, გაუქმდა სიკვდილით დასჯა, შეიქმნა სხვადასხვა სპეციალობების მქონე სამხედრო აკადემია, ასევე რეგულარული არმია და სახალხო გვარდია.

საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ასევე იყო უნივერსიტეტის დაფუძნება 1918 წელს. ეს იყო პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კავკასიაში. ამ პერიოდში სწრაფად ვითარდებოდა ქართული კულტურაც, შეიქმნა ქართული ოპერა, იდგმებოდა ახალი სპექტაკლები, საგამომცემლო საქმიანობა დაიწყო ათობით გაზეთმა და ჟურნალმა, მოქმედებდა სპორტული კლუბები, იმართებოდა აღლუმები და სახალხო დღესასწაულები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ წლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველო-ლიტვის ურთიერთობათა ჭრილშიც. აღსანიშნავია, რომ ლიტვას რეგიონში წარმოადგენდა მისი ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური მისია საზღვარგარეთ, რომელმაც ხელი შეუწყო ორ ახალგაზრდა სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განვითარებას.

გამოფენაზე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის დასაწყისში კავკასიის ლიტვური საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა ლიტვის ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან და კაუნასის რეგიონალური არქივიდან. გამოფენა მოიცავს პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისში გამართული კავკასიაში მცხოვრებ ლიტველთა ყრილობის, თბილისში მცხოვრებ ლიტველთა მუსიკალური გუნდის ფოტოებს, კავკასიაში ლიტვის საბჭოს წევრების პ. დაილიდეს, პ. ვილიეშის, ბ. სიპავიჩიუსის, ა. მარცინკევიჩიუსის სამსახურეობრივ და პირად დოკუმენტებს. გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას, პარიზის სამშვიდობო კონფერენციასა და ერთა ლიგის ფარგლებში ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობების ამსახველ დოკუმენტაციას, რომლებიც ასახავენ ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერას საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ.

ამ მოვლენებიდან ათწლეულების შემდეგ, ზემოაღნიშნული მდიდარი ისტორიული წარსულის საფუძველზე, თანამედროვე საქართველო და ლიტვა კვლავაც განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას და აღრმავებენ სტრატეგიულ პარტნიორობას. ორი ქვეყნის გამორჩეული მეგობრობის საუკეთესო მაგალითია გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დიდხანს ვერ იარსება, მან უდავოდ დიდი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. 1921 წელს ემიგრაციაში გახიზნულ მთავრობას არ შეუწყვეტია პოლიტიკური ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.

26 მაისი, დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების თარიღი,  დღეს საქართველოში საზეიმოდ აღინიშნება როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე.

გამოფენაზე წარმოდგენილია დოკუმენტები საქართველოს ეროვნული არქივიდან, ლიტვის ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან და კაუნასის რეგიონალური არქივიდან.

 

           

 

                     

Lt En